logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "მაისის" წვენები ერთ თვეში აშშ-ის ბაზარზეც გაიყიდება

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისის" კომერციული დირექტორის, გიორგი გუდაბანძის ინფორმაციით, კომპანია საექსპორტო ბაზრებს აფართოებს და ისრაელისა და გერმანიის შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, საკუთარი წარმოების ბროწეულის წვენის ექსპორტს აშშ-შიც დაიწყებს.

როგორც გიორგი გუდაბანძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და კომპანია პირველი საექსპორტო პარტიის გასაგზავნად ემზადება.

მისივე თქმით, საერთო საექსპორტო გაყიდვებში აშშ-ის ბაზრის წილი დაახლოებით 10-20%-ი იქნება.

"მოლაპარაკებები სრულად დასრულებულია და ამ ეტაპზე საექსპორტო პარტიას ვაწარმოებთ. ჩვენი პროდუქცია აშშ-ის მასშტაბით გაიყიდება. მოგეხსენებათ, ამერიკის ბაზარი ძალიან დიდია. შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია, თუმცა გამოწვევას პროდუქციის მაღალი ხარისხითა და სტაბილური მიწოდებით ვუპასუხებთ. ამასთან, საექსპორტო მიმართულებით აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ არაერთ უცხოურ კომპანიასთან. მათ შორის არიან სპარსეთის ყურის (Gulf) ქვეყნები, ევროპის რამდენიმე სახელმწიფო და ცენტრალური აზიის ბაზრები.

აქტიურად ვმუშაობთ პროდუქციის ექსპორტზე ე.წ. გალფის რეგიონთან, კერძოდ, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. თუმცა, მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა პროცესი დროებით შეაფერხა. მიუხედავად ამისა, პარტნიორებთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ საბოლოოდ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. რაც შეეხება ასორტიმენტს, ამ ეტაპზე მისი გაფართოება არ იგეგმება", - აცხადებს "მაისის" კომერციული დირექტორი.

გიორგი გუდაბანძე ზაფხულის სეზონის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პროდუქციის რეალიზაცია დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება.

"ზაფხულის წარმატებულ სეზონს ველოდებით. ვფიქრობ,  პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდება. ჩვენი კომპანია თანდათან ცნობადი ხდება, რაც გაყიდვებზეც შესაბამისად აისახება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

გიორგი გუდაბანძე საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობის გაზრდასაც აფასებს. მისი თქმით, ქვეყანას პოტენციალი აქვს, ამ ხაზით კიდევ უფრო მეტი უცხოური ბაზარი აითვისოს, რასაც ექსპორტის მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს.

"პოტენციალი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი უცხოური ბაზარი ავითვისოთ, რასაც ექსპორტის მზარდი სტატისტიკაც ადასტურებს. გაზრდილი მაჩვენებლები, ერთი მხრივ, ქართულ, მაღალი ხარისხის პროდუქციაზე გაზრდილ მოთხოვნას, ხოლო მეორე მხრივ, სწორ საექსპორტო სტრატეგიას უკავშირდება. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ქართული პროდუქცია უკვე სრულადაა აღიარებული საერთაშორისო ბაზარზე, ამის ცალსახად განსაზღვრა რთულია. თუმცა აშკარაა, რომ უცხოელი მომხმარებლები ქართულ პროდუქციას ეტაპობრივად უფრო მეტად ეცნობიან და ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ", - აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.

კომპანიის წარმომადგენელი სფეროში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ბიზნესისთვის გაზრდილი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"სექტორში გამოწვევები საკმაოდ ბევრია. პირველ რიგში, გამოვყოფდი გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც ლოჯისტიკას უკავშირდება. გაზრდილი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ხარჯები მნიშვნელოვანი ტვირთია როგორც ჩვენთვის - ექსპორტიორი კომპანიისთვის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი იმპორტიორებისთვის. აღნიშნული გლობალური გამოწვევაა, თუმცა არსებული სირთულეების მიუხედავად, ვითარებას მაქსიმალურად ვუმკლავდებით", - ამბობს გიორგი გუდაბანძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით (2.1 ათასი ტონა) გაიზარდა, ხოლო ღირებულება 22%-ით (2.5 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტი 42 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (22%), ავსტრალია (20%), გერმანია (13%), რუსეთი (12%) და ისრაელი (7%).

რაც შეეხება ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანიას "მაისი", ის  ადგილობრივ ბაზარზე უკვე ოთხი წელია ოპერირებს და მომხმარებელს დაახლოებით 10 დასახელების ნატურალურ წვენს სთავაზობს. ამჟამად, ექსპორტზე გერმანიასა და ისრაელში გადის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია სავაჭრო ქსელებში "ნიკორა", "გუდვილი" და "აგროჰაბი", ასევე Subway-სა და Dunkin-ის ობიექტებში, HoReCa სექტორის არაერთ კაფეში. გარდა ამისა, "ჟირაფი ჟოზეს" ეტიკეტით წარმოებული წვენები საქართველოს მასშტაბით ფართოდაა ხელმისაწვდომი საცალო ქსელებში. ამასთან, კომპანია ნედლეულს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე ყიდულობს.

გამოგვყევით