საქართველოში მზის პანელების მონტაჟი გაძვირებულია.
როგორც კომპანია Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, ერთი კილოვატის დაყენება მომხმარებელს 420 დოლარის ფარგლებში უჯდებათ. თორნიკე დარჯანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და პროდუქტზე ფასების მატება აღარ ფიქსირდება, პანელების ღირებულებაზე ზრდის მიმართულებით ლოგისტიკის მაღალი დანახარჯები მოქმედებს.
"ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ტრანსპორტირება გაძვირებულია, რაც მზის პანელების ღირებულებაზე აისახება. სხვა მხრივ განსაკუთრებული ზრდა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდი დღეს არსებული ფასები შენარჩუნდება. კლებას არ ველით",- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე თქმით, მოთხოვნა მზის პანელების დაყენებაზე კვლავ მაღალია.
"ქვეყანაში შენდება ინდუსტრიული ტიპის მზის სადგურები, ჩვენი კომპანია ამჟამად მარნეულში აშენებს 78 მეგავატი სიმძლავრის სადგურს. გვაქვს სხვა პატარა და საშუალო ზომის მიმდინარე პროექტებიც. აქედან გამომდინარე, მზის ენერგეტიკა ვითარდება ქვეყანაში, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ეს მიმართულება და დროულად გადავლახოთ ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა სამწუხაროდ გარკვეულ პროცესებს ვერ გავდივართ იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა",- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წელი მზის პანელებზე 30%-იანი ფასების მატებით დაიწყო. მზის პანელები საქართველოში ძირითადად ჩინეთიდან შემოდის.