ბაზარზე ახალი სტარტაპი Twist-ი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს მეორადი ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის პლატფორმას სთავაზობს.
სტარტაპის ინფორმაციით, პლატფორმამ, პირველივე თვეში, 10,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, 12,000-ზე მეტი განცხადება და 160-ზე მეტი შეკვეთა დააგროვა, ხოლო მისმა კონტენტმა 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს მიაღწია.
სტარტაპის ტექნიკური დირექტორი ლუკა გვენეტაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ მოთხოვნა მუდმივად იზრდება და ყველა ძირითადი მაჩვენებელი დადებით დინამიკას აჩვენებს, რაც მსგავსი სერვისის მიმართ ბაზრის ინტერესზე მიუთითებს.
"Twist 2026 წლის მაისში შეიქმნა. კომპანიის მიზანია საქართველოში ტანსაცმლის ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივება და იმ სირთულეების აღმოფხვრა, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და პლატფორმაზე ხვდებათ. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ადამიანები, რომლებსაც ტანსაცმლის გაყიდვა სურთ, ასევე ისინი, ვინც ხარისხიან და მოდურ ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად ეძებენ. დღეს ნივთების მოძიება, გამყიდველთან კომუნიკაცია, გადახდა და მიწოდება ხშირად სხვადასხვა არხით ხდება, რაც პროცესს ართულებს. პლატფორმა ამ ეტაპზე აღნიშნულ სერვისებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მომხმარებლებს შეუძლიათ უსაფრთხო გადახდით ისარგებლონ, მიიღონ მყიდველის დაცვის მექანიზმები და გამოიყენონ კურიერული მომსახურება, რაც, საქართველოს მეორადი მოდის ბაზრისთვის ახალი გამოცდილებაა,"- ამბობს ლუკა გვენეტაძე.
ამ დროისთვის Twist ვებ-პლატფორმის სახით ფუნქციონირებს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მობილურ აპლიკაციაზე აქტიურად მუშაობენ. მათი თქმით, აპლიკაციის გაშვება განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში კი კომპანია რეგიონში წამყვანი მოდის პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც მილიონობით ტანსაცმელს ახალი მფლობელის პოვნაში დაეხმარება.