logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აგვისტოში მომხმარებლის მოთხოვნა მცირდება, სექტემბრიდან ღონისძიებების ჯავშნების გააქტიურებას ველოდებით" - Crazy Panda

ბავშვთა გასართობი ცენტრის Crazy Panda-ის დამფუძნებლის, მარიამ ცინცაძის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აგვისტოში, მომხმარებლის მოთხოვნა სეზონურად მცირდება, რადგან ბავშვების ნაწილი ქალაქგარეთ იმყოფება. ხოლო, სექტემბრიდან კომპანია  ღონისძიებების ჯავშნების გააქტიურებას ელოდება.

როგორც მარიამ ცინცაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ცენტრში ყოველდღიურად მინიმუმ ორი ღონისძიება ტარდება, მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში კი ოთხი ღონისძიების დაგეგმვაა შესაძლებელი.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ვიდეორგოლებზე და ფოტოსესიებზე, რაც მომხმარებლების ინტერესის ერთ-ერთ მზარდ მიმართულებად იქცა.

"შემდეგი სეზონიდან ფასების ცვლილებას არ ვაპირებთ, რადგან გვინდა მომხმარებლებისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი ვიყოთ. წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა იმავე ტენდენციით ვითარდება, რაც ბუნებრივია, რადგან ბაზარზე საკმაოდ ბევრი გასართობი ცენტრი გამოჩნდა. ჩვენთან ძირითადად სადღესასწაულო გარემოა, მომხმარებლებს საათობრივ გართობას არ ვთავაზობთ. მუდმივად ვცდილობთ, სტუმრებს განსხვავებული და საინტერესო ფოტოსესიები და ვიდეორგოლები შევთავაზოთ. ძირითადად, ჩვენი სტუმრები 4 წლიდან ასაკის ბავშვები არიან, უფრო მაღალი ასაკის ბავშვები შედარებით იშვიათად მოდიან.

რაც შეეხება კონკურენციას, სფეროში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა. თითოეულ ცენტრს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ვცდილობთ, მომხმარებლის მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხოთ და საინტერესო გარემო შევთავაზოთ. გაფართოებას რაც შეეხება, სამომავლოდ სხვა სივრცეში გადასვლას ვგეგმავთ, თუმცა საინვესტიციო ღირებულების დაზუსტება ამ ეტაპზე რთულია, რადგან იდეის დონეზე ვართ", -  ამბობს მარიამ ცინცაძე.

ცნობისთვის, ბავშვთა გასართობი ცენტრი Crazy Panda ბათუმში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით