"ბლუტაბლა" ახალ ფილიალს სექტემბერში ქუთაისში გახსნის. როგორც ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანია "ბლუტაბლას" წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ახალი ფილიალის გახსნის საინვესტიციო ღირებულება 250 000 ლარამდე იქნება.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანიამ წინა თვეში უკვე გახსნა ერთი ახალი მაღაზია თბილისში - კერძოდ, გლდანის "სითი მოლში". გიორგი შენგელიას თქმით, კომპანიას ამ მიმართულებით კონკრეტული გაფართოების გეგმა აღარ აქვს, თუმცა "ბლუტაბლა" სტენდების ჩანაცვლებას სრულად მაღაზიებით გეგმავს.
"მიმდინარე პერიოდში სტაბილურია კომპანიის გაყიდვები. ჩვენს პროდუქციაზე განსაკუთრებული მოთხოვნა ზოგადად, ახალი წლის პერიოდში არის ხოლმე. წლიურ ჭრილში შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით გაიზარდა.
ჩვენს პროდუქციას როგორც პირადი მოხმარებისთვის, ისე სასაჩუქრედ ყიდულობენ. ჩვენ გავფართოვდით და გლდანის "სითი მოლში", სადაც სტენდი გვქონდა მაღაზია გავხსენით", - აცხადებს გიორგი შენგელია.
ცნობისთვის, ბლუტაბლა ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.