ლუდსახარში კომპანია "მთის ნისლი" მომავალი წლიდან საწარმოსა და საწყობს აფართოებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ეკა ფეიქრიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, საწარმოსა და საწყობის გაფართოების შემდეგ წარმადობა მინიმუმ 20%-ით გაიზრდება.
მისივე ცნობით, მომხმარებლის მხრიდან "მთის ნისლის" პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც კომპანია რეგიონებში გაფართოებასაც გეგმავს.
"ჩვენს ასორტიმენტში შედის როგორც ჩამოსასხმელი, ისე ქილაში ჩამოსხმული ლუდი. ამჟამად, 6 სახეობის ლუდს ვაწარმოებთ: შავს, ხორბლის, მიუნხენურ, ვენურ, ჰელესსა და ლაგერს. ცოტა ხნის წინ ასორტიმენტს გაფილტრული ჰელესიც დავამატეთ. ნედლეული გერმანიიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან, აშშ-დან და საფრანგეთიდან შემოგვაქვს. ვიყენებთ მაღალი ხარისხის ნედლეულს - ალაოს, ხორბალს, ქერს, საფუარს. ამასთან, ნედლეულით სხვა საწარმოებსაც აქტიურად ვამარაგებთ. საქართველოში ლუდსახარში წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს.
ამ ეტაპზე ქსელურ მარკეტებში წარმოდგენილი არ ვართ, თუმცა მიმდინარე პერიოდში ამ მიმართულებით მუშაობას ვგეგმავთ. დღეს ჩვენი პროდუქცია თბილისის თითქმის ყველა უბანში გვაქვს, მათ შორის ლუდის მაღაზიებში, ბარებსა და სხვადასხვა ჩამოსასხმელი ლუდის ობიექტში. მომავალი წლიდან საწარმოსა და საწყობის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა წარმოების მოცულობა გავზარდოთ. საწარმოს გაფართოების პროექტის ზუსტი პარამეტრები ჯერ განსაზღვრული არ არის, რადგან დამატებით დეტალებს ვამუშავებთ. საინვესტიციო ღირებულების დაკონკრეტებისგან კი თავს შევიკავებ. მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, გვინდა რეგიონების მომარაგებაც დავიწყოთ. უკვე გვაქვს შეთავაზებები ბათუმიდან, გურიიდან, რაჭიდან და სხვა რეგიონებიდან. შარშანდელთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - აქტიურ ზაფხულის სეზონს ველოდებით. დროთა განმავლობაში ჩვენს შესახებ უფრო მეტი მომხმარებელი იგებს, რაც მოთხოვნის ზრდაზეც აისახება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ეკა ფეიქრიშვილი სასმელის შესაფუთ მასალაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიას პროდუქციისთვის საჭირო ქილები ჩინეთიდან ჩამოაქვს.
"ლუდის ჩამოსხმა სრულად ჩვენს საწარმოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა გვაქვს. რაც შეეხება შესაფუთ მასალებს, ქილები ჩინეთიდან შემოგვაქვს, რადგან საქართველოში მსგავსი პროდუქცია არ იწარმოება. ამასთან, იმპორტირებული ქილები შედარებით ბიუჯეტურიცაა", - განმარტავს "მთის ნისლის" წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ლუდსახარში კომპანია "მთის ნისლის" საწარმო და საწყობი თბილისში მდებარეობს, ხოლო ბაზარზე 3 წელია ოპერირებს.