logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლილო მოლი" 4500 კვ.მ-მდე ტერიტორიას ამატებს - ახალი სივრცის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება

"ლილო მოლის" მიმდებარედ დამატებითი ტერიტორიის მშენებლობა და მოწყობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წლის ბოლოს გაიხსნება, - ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის დირექტორმა გიორგი კვარაცხელია "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაზუსტებული არ არის და აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"დღეის მდგომარეობით "ლილო მოლი" დაახლოებით 99%-იანი დატვირთულობით მუშაობს, მაღალი მოთხოვნაა ბიზნესების მხრიდანაც.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ 4500 კვადრატულამდე ტერიტორია დაგვემატებინა, სადაც სრულად სავაჭრო ფართები განთავსდება. შენდება სამი სავაჭრო ბლოკი, სადაც 2-სართულიანი სავაჭრო ცენტრები იქნება. კარკასები დგას და უკვე შესაფუთი სამუშაოები მიმდინარეობს. 

გვაქვს მოლოდინი, რომ დამატებული ტერიტორიაც მალევე იქნება ათვისებული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან. ზოგადად, აქტივობა როგორც მომხმარებლების, ისე ბიზნესების მხრიდან სტაბილურია და ყოველწლიურად უმჯობესდება. ჩვენთან ყოველთვის დეფიციტია სავაჭრო ფართი. როგორც მეწარმეების, ასევე მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას", - აცხადებს გიორგი კვარაცხელია

აღსანიშნავია, რომ "ლილო მოლი" გაფართოების მასშტაბური გეგმის განხორციელებასაც გეგმავდა, რომელიც ფაქტობრივად ახალი სავაჭრო ცენტრის შექმნას გულისხმობდა, მათ შორის, საპარკინგე სივრცის, საბაჟო ტერმინალის, სასაწყობო მეურნეობის და სხვა სივრცეების მოწყობას, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტში გარკვეული ცვლილებები ხორციელდება.

რაც შეეხება ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ცენტრის საკუთრებას წარმოადგენს 35 ჰექტარზე განლაგებული სავაჭრო კომპლექსი, სადაც 6 000-მდე მაღაზიაა განთავსებული.

ცნობისთვის, "ლილო მოლი" 33 წლის წინ გაიხსნა.  დღეის მდგომარეობით, 4000-მდე  ადამიანია ეწევა სავაჭრო საქმიანობას. სავაჭრო ცენტრს ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს"

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარების მეორე ფაზა ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების კუთხით დამატებით პერსპექტივებს აჩენს"

გამოგვყევით