ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის მაისის ბოლოსათვის 73.39 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 504.46 მილიონი ლარით (0.69%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.12% -ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.22% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 384.91 მლნ ლარით (0.92%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 119.54 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.40%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის მაისის ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.02 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.23%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.20 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.19 %-ით მეტი).
2026 წლის მაისის განმავლობაში 1.14%-ით, ანუ 435.92 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მაისის ბოლოსათვის 38.68 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის მაისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 57.64% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.13 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.12 პროცენტული პუნქტით).