ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, რაც იყო მანკიერი, იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ მთლიანად გააუქმა პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის.
„ასევე კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის გადაეცემა ერთ ლარად ქონება, არიან თუ არა ისინი მთავრობასთან დაკავშირებული პირები. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ჩვენ მთლიანად აღვკვეთეთ სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის პრაქტიკა, თუ არ არის კონკრეტული შემთხვევები, მაგალითად, დევნილებისთვის უფასოდ ბინების გადაცემა და ასე შემდეგ, რაც იყო მანკიერი პრაქტიკა. იყავით და გაგეკეთებინათ, შეგეძლოთ თქვენც გაგეკეთებინათ იგივე.
ჩვენ მთლიანად გავაუქმეთ პრივატიზაციის მანკიერი პრაქტიკა, რაც ითვალისწინებდა პირდაპირი ფორმით ქონების გადაცემას კონკრეტული ადამიანებისთვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით კორუფცია თეორიულადაც კი გახდა შეუძლებელი. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, გამჭვირვალე აუქციონზე, რაც არ იყო უზრუნველყოფილი მაშინ, როდესაც თქვენი თავმჯდომარე იყო, მაგალითად, მთავრობის ხელმძღვანელი. იყავით და გაგეკეთებინათ. არ გააკეთეთ, ჩვენ გავაკეთეთ. მადლობა ყურადღებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.