საქართველოში ლანდშაფტის დიზაინის მომსახურებაზე მოთხოვნა სწრაფი ტემპით იზრდება. დიზაინერ ნათია ირემაშვილის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით სექტორში მოთხოვნა დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.
მისი თქმით, გამწვანებისა და გარე სივრცეების მოწყობის მიმართ ინტერესი იზრდება როგორც ბიზნესისა და დეველოპერული სექტორის, ისე კერძო მომხმარებლების მხრიდან. ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებად კვლავ მარადმწვანე მცენარეები რჩება.
მიუხედავად მზარდი აქტივობისა, სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ადგილობრივი სანერგეების სიმცირე სახელდება.
„მცენარეების დაახლოებით 80% უცხოეთიდან შემოგვაქვს, ძირითადად, იტალიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. იმპორტზე დამოკიდებულება იმდენად მაღალია, რომ კავკასიური სოჭის შემოტანაც კი გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი რეგიონის ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, საქართველოში სანერგეები როგორც რაოდენობრივად, ისე სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით საკმაოდ შეზღუდულია. ეს კი პროექტების ხარჯებს ზრდის და სამუშაო პროცესსაც აჭიანურებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართული სანერგე მეურნეობების განვითარება და მათი მხარდაჭერა, მათ შორის საგადასახადო წახალისების მიმართულებითაც,“ - აღნიშნა ირემაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.
ლანდშაფტის დიზაინზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა თბილისის შემოგარენში შეინიშნება, თუმცა სექტორის განვითარება სხვა ქალაქებშიც, განსაკუთრებით ბათუმსა და ქუთაისში, აქტიურად მიმდინარეობს.
დარგის წარმომადგენლების შეფასებით, სექტორი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა, ევროპულ სტანდარტებსა და მასშტაბებთან დაახლოებისთვის ბაზარს ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პროგრესი სჭირდება.
ნია ბაკურაძე