logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას ივნის-ივლისშიც ველოდებით" - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარის კვლევის მიხედვით, მაისში გენერაცია ჰიდროლოგიური პირობების და სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის შეზღუდვის გამო შემცირდა.

მათივე ცნობით, 2026 წლის მაისში ჰიდროგენერაცია წლიურად 9.9%-ით შემცირდა და 1.2 ტვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 97.5%-ია. Galt & Taggart გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით ივნის-ივლისშიც ელოდება.

"აღნიშნული შეზღუდვები მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად გახდა საჭირო. კერძოდ, გენერაციის შეზღუდვის გარეშე, მიწოდება გადააჭარბებდა მოთხოვნას, ადგილობრივი ბაზრისა და ექსპორტის ჩათვლით. მაისის თვეში განხორციელებული შეზღუდვების ზუსტი მოცულობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის.

გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას ივნის-ივლისშიც ველოდებით, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით, რადგან: ისტორიულად, ივნისი და ივლისი მაისთან შედარებით ნაკლები სიჭარბით გამოირჩევა. ასევე, ესკომ თურქეთთან ბარტერის შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მაისი-ივლისის განმავლობაში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს განახორციელებს, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში იმპორტს. ეს გარიგება გაზრდის ექსპორტის რაოდენობას და ჯამურ მოთხოვნას, შესაბამისად, შეამცირებს გენერაციის შეზღუდვებს ივნის-ივლისის პერიოდში. ბარტერის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპორტის მოცულობას ესკო კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრად შეისყიდის. ბარტერული შეთანხმების ზუსტი კომერციული პირობები, მათ შორის ექსპორტისა და სანაცვლო იმპორტის პროპორცია, საჯაროდ ცნობილი არ არის", - ნათქვამია კვლევაში.

ამასთან, Galt & Taggart-ის  ინფორმაციით, ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 55.8%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურ მიწოდებაში მისი წილი კვლავ მცირე 1.0%-ია.

"ზრდა დაკავშირებულია აპრილში 18.7 მგვტ-იანი "ზემო ქარის სადგურისა" და 2025 წლის ბოლოს დამატებული ახალი მზის სადგურების (ჯამში 10.8 მგვტ) ექსპლუატაციაში შესვლასთან. თბოსადგურები, მაისისთვის დამახასიათებელი სეზონურობის შესაბამისად, არ მუშაობდნენ", - ვკითხულობთ კვლევაში.

გამოგვყევით