რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე კოტეჯების "ბროწეულების" დამფუძნებლის, ფარნაოზ ბაკურაძის ინფორმაციით, რაჭაში საშუალო კლასის სასტუმროების დეფიციტია, რადგან ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარებული არ არის.
როგორც ფარნაოზ ბაკურაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რაჭაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ტურისტებისთვის მრავალფეროვანი აქტივობების შექმნა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს.
"რაც შეეხება გამოწვევებს, ცხადია, კვლავ აქტუალურია. კარგი იქნება, თუ რაჭის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება. რეგიონში მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო პრაქტიკულად არ არის, ხოლო საშუალო კლასის სასტუმროების დეფიციტი შეინიშნება. ამის მიზეზი კომპლექსურია. პირველ რიგში, შესაბამისი საინვესტიციო გარემო სრულად არ არის ჩამოყალიბებული. როდესაც ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, ინიციატივას თავადაც გამოიჩენენ. მთავარი კითხვაა - რას ვთავაზობთ ტურისტს, როდესაც რაჭაში ჩამოდის?! მაგალითად, თუ ღვინის ტურიზმი აინტერესებს, მარნების მონახულებას ერთი დღე ეყოფა. ანალოგიურად, თუ მიზანი კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაა ამ მიმართულებითაც ერთი დღე საკმარისია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დამატებითი და მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმარება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, გარკვეულწილად გადახედვას საჭიროებს, რათა უფრო მეტად იყოს მორგებული ვიზიტორების ინტერესებსა და მოთხოვნებზე.
რაჭას დიდი პოტენციალი აქვს და სასურველია, რომ ვიზიტორები რეგიონში მხოლოდ ერთი დღით არ ჩამოდიოდნენ. დღეს ტურისტებს საკმარისად მრავალფეროვან აქტივობებს ვერ ვთავაზობთ, მაგალითად, გასართობ ობიექტებს - ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
ამ ეტაპზე, კონკრეტულად იმ ადგილზე, სადაც მე ბიზნესი მაქვს, გაზიფიცირებისა და არც წყალმომარაგების პრობლემა არ არის, – აცხადებს ფარნაოზ ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ 18 ივნისს "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, რომ გასააქტიურებელია სვანეთისა და რაჭის მიმართულება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ შეინიშნება საშუალო და მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დეფიციტი.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი "ბროწეულები" რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარეობს. ობიექტის შემადგენლობაშია 3 კოტეჯი და კაფე.