ძირითადად დაინტერესება არის ქართული კომპანიების მხრიდან, - ამის შესახებ წალკაში მდებარე სასტუმრო კომპლექსის Kass Land-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ეთი ბეკურაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარდა ქართული კომპანიებისა აქტიურობენ კომპანიები - რუსეთიდან და ასევე, ინდოეთიდან.
"MICE ტურიზმის მიმართ დაინტერესება არის. ჩვენი გასართობი და ინფრასტრუქტურული მიმართულება Kass Land Tsalka Canyon Resort & Attraction-ში ვითარდება კომპლექსურად და ეტაპობრივად, იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ თითოეულმა ვიზიტორმა მიიღოს მისთვის შესაბამისი და დასამახსოვრებელი გამოცდილება.
ჩვენი სერვისები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და ინტერესებზე. სივრცე ერთდროულად აერთიანებს გასართობ, ექსტრემალურ და დასასვენებელ პროდუქტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვიცვათ როგორც აქტიური დასვენების მოყვარული სტუმრები, ასევე ისინი, ვინც მშვიდ გარემოს ეძებს.
ვიზიტორებს ვთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს - ექსტრემალური ატრაქციონებიდან და ადრენალინზე ორიენტირებული გამოცდილებებიდან დაწყებული, ოჯახური და საბავშვო გასართობი ზონებით გაგრძელებული. თითოეული პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსითა და ემოციით, რაც ქმნის უნიკალურ არჩევანს ყველა ტიპის სტუმრისთვის.
ეს ყოველივე კი აისახება დატვირთულობაზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვიზიტორთა მოზიდვის კუთხით. სწორედ ამიტომ, Kass Land Tsalka Canyon Resort & Attraction ახალ ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული სერვისებითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით", - აცხადებს ეთი ბეკურაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, Kass Land Tsalka Canyon Resort & Attraction-ში გიგანტური ბატუტების პარკი გაიხსნება.
ცნობისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე KASS LAND-ი ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია.