logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება ტვირთების მიწოდების ჯაჭვის რღვევას განაპირობებს" - გივი ჩაჩანიძე

საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია COSCO Shipping Lines-ის კომერციული მენეჯერის, გივი ჩაჩანიძის შეფასებით, ამჟამად ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება ტვირთების მიწოდების ჯაჭვის რღვევას განაპირობებს.

როგორც გივი ჩაჩანიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, ახლა ფოთის პორტის მიერ გადამუშავებული საკონტეინერო ტვირთების მოცულობა,  მის საპროექტო გამტარუნარიანობას აჭარბებს.

"მთავარი პრობლემაა მიწოდების ჯაჭვის რღვევა, ცვლილება. ცვლილებები უკვე რამდენჯერმე მოხდა: უკრაინის ომი, საწვავი ფასი, კოვიდ პანდემია და ახლა უკვე ჰორმუზის სრუტის ამბები. ჩვენს სფეროს სტაბილურობა ძალიან უყვარს. როდესაც მსგავსი პრობლემები ხდება, ეს ყველაფერი ფასებს აძვირებს, მიწოდების დროს ზრდის. აღნიშნული აწვება, როგორც გამყიდველს, ასევე საბოლოო მომხმარებელს. ფოთის პორტში ახალი ტვირთების მოზიდვა წარმოუდგენელია, გემი პორტში ვერ დგება, როდესაც ჩამოდის. მთავარი ამოცანაა, კლიენტებთან საუბარი გავაგრძელოთ, რომ ისინი არ დავკარგოთ", - აღნიშნავს გივი ჩაჩანიძე.

კომპანია COSCO Shipping Lines-ის კომერციული მენეჯერი "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველომ პროექტზე პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურად უნდა იმუშაოს.

"ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა ასათვისებელია. აქ ყველაფერი არა მარტო ჩვენზე, არამედ პარტნიორ ქვეყნებზეცაა დამოკიდებული, მაგალითად, აზერბაიჯანზე, ყაზახეთზე. დღეს იმ შესაძლებლობის მცირე ნაწილს ვიყენებთ, რაც "შუა დერეფანს" გააჩნია. ზოგადად, განვითარების პერსპექტივას უფრო სწრაფს ველოდი. ტანდემში უნდა ვიმუშაოთ, ყველასთან ერთად, ქვეყნებმა  ერთმანეთს არ უნდა უყურონ", - აცხადებს გივი ჩაჩანიძე. 

ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება სტაბილური ნავიგაციის ფაზიდან ღია სამხედრო-პოლიტიკურ კრიზისში გადავიდა. აღნიშნული დერეფანი მსოფლიო ენერგორესურსების ტრანზიტის ერთ-ერთ მთავარ არტერიას წარმოადგენს, სადაც ყოველდღიურად დაახლოებით, 17-21 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი გადაადგილდებოდა. ამასთან, აშშ-ის ოპერაცია სახელწოდებით "პროექტი თავისუფლება", რომელიც ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხო ესკორტირებას ისახავდა მიზნად, დროებით 6 მაისს შეჩერდა.

გამოგვყევით