ტურისტული ნაკადების ცვლილებასთან მორგება შესაძლებელია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გასტრონომიის ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებაა, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებით,
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ის, რომ ტურისტული ნაკადების გეოგრაფია შეცვლილია ეს ფაქტია და რა თქმა უნდა, ახალი ტურისტი ქვეყანაში არსებულ წესრიგს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და ეს ძალიან ლოგიკურია.
"გასტრონომია ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მოერგო ასე თუ ისე იმ ტრადიციულ ტურიზმს, რომელიც ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან არის. რა თქმა უნდა, ახალი ტურისტისთვის მნიშვნელოვანია ის მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული, რასაც ის არის მიჩვეულია. უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რომლებშიც იგულისხმება ქართული ავთენტური გასტრონომიის შენარჩუნება. ჩვენი ქვეყანა გასტრონომიით მდიდარია, რაც ტურიზმის მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო მარგალიტია და ეს უნდა შევინარჩუნოთ", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მისივე ინფორმაციით, გლობალური პროცესებიდან გამომდინარე ქვეყანაში ტურისტული ნაკადების შემცირება შეინიშნება, თუმცა მარტი-აპრილის პერიოდი ყოველთვის არის ხოლმე და მთავარია ზაფხულის სეზონი არ ჩავარდეს.
რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურისტული ბაზრის განვითარება ეტაპობრივი პროცესია და მაღალბიუჯეტიანი ტურიზმის ზრდას დრო, სტაბილურობა და ავიამიმოსვლის გაფართოება სჭირდება.
"წლების წინ ევროპელი ტურისტების მიმართ იყო პრეტენზია, რომ "ზურგჩანთის ტურისტები" ჩამოდიანო და არ იყო ქვეყნისთვის მისაღები ტურისტი. ეს დასაწყისისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. თავიდან ახალი ქვეყნებიდან მდიდარი ტურისტები არ ჩამოდიან. დროთა განმავლობაში ჩამოსულ ტურისტებს გააქვთ დადებითი თუ უარყოფითი გამოცდილება და აჩენს ინტერესს სხვა სეგმენტის ტურისტში. ევროპელი ტურისტები უკვე მაღალ მხარჯველ უნარიანები იყვნენ და ამას წლები დასჭირდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ დღე დაბალი სეგმენტის ტურისტი ჩამოდის. როდესაც სტაბილურობა შეიქმნება ქვეყნებს შორის და დაინიშნება ხშირი ფრენები და შესაბამისად, არჩევანი გაუჩნდება ტურისტს - ამას მოყვება მაღალბიუჯეტიანი ტურიზმი", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.