Galt&Taggart-ი კვირის მიმოხილვას აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, წინა თვეში არსებული 4.3%-დან. ინფლაციის დაჩქარება ძირითადად საწვავის ფასების და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ განაპირობა, რომელთა ჯამური კონტრიბუცია მთლიან ინფლაციაში 2.3 პროცენტული პუნქტი იყო აპრილში (აქედან 1.3 პროცენტული პუნქტი პირდაპირი ეფექტია), ჩვენი შეფასებით.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.2% შეადგინა 2026 წლის აპრილში, წინა თვის 2.4%-ის შემდეგ. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის აპრილში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+7.5% წ/წ, +2.58პპ), ტრანსპორტი (+10.3% წ/წ, +1.20პპ), კომუნალურები (+6.5% წ/წ, +0.62პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+6.5% წ/წ, +0.41პპ), ჯანდაცვა (+4.9% წ/წ, +0.41პპ), სასტუმროები და რესტორნები (+7.5% წ/წ, +0.23პპ), კავშირგაბმულობა (-4.0% წ/წ, -0.12პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ). ჩვენი პროგნოზით, საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 4.8%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2026 წელს.
ამასთან, 2026 წლის 6 მაისს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 8.25%-მდე გაზარდა, გლობალური ენერგეტიკული ბაზრებიდან მომდინარე გაზრდილი რისკების ფონზე ინფლაციური მოლოდინების სტაბილურად შენარჩუნების მიზნით. იმავე დღეს, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა და წინანდელ დონეზე დააბრუნა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების საპასუხოდ.
ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750,000 ლარიდან 1,000,000 ლარამდე გაზარდა, რაც 2026 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში და წარმოადგენს ეროვნული ბანკის მიმდინარე დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 17 ივნისს არის დაგეგმილი.
რაც შეეხება საერთაშორისო რეზერვებს - საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 43.2%-ით გაიზარდა და 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით აპრილში რეზერვები 2.4%-ით გაიზარდა (+154.2 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 მაისს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აპრილში მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.4%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის 5 მაისს 2.8-წლიანი 40 მლნ ლარის (14.9 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.8-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.040პპ-ით შემცირდა და 8.345% შეადგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის 5 მაისს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.4 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.4-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.077პპ-ით გაიზარდა და 8.122% შეადგინა. უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2026 წლის 11 მაისს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10.3-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.