მაისის ბოლოდან სასტუმრო 70%-ით უკვე დატვირთულია - ჯავშნები ძირითადი ნაწილი უცხოეთიდან არის, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2026 წლის მონაცემები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით გაუმჯობესებულია, რასაც სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი.
"ჩვენთან ჯავშნები აქტიურად შემოდის. მაისის ბოლოდან სექტემბრამდე საკმაოდ მაღალ დატვირთულობას ველოდებით. აქამდე, დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტი იყო, თუმცა ახლა ვნახოთ როგორი ნაკადი იქნება. საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა გახდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გამო აღნიშნულ რეგიონში მოგზაურობა შეიზღუდა.
არა მხოლოდ მე, არამედ ყველას გვაქვს დადებითი მოლოდინები და ვფიქრობთ, რომ კარგი ტურისტული სეზონი გვექნება. რაც შეეხება ზოგადად მუნიციპალიტეტს - ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და გზების რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ტურისტულ ნაკადებზე დადებით გავლენას მოახდენდა ფრენების დამატებაც და სასურველია, რომ აღნიშნული მიმართულება გააქტიურდეს", - აცხადებს ივერი ჭელიძე.
ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 6 წლის წინ დაფუძნდა. სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.