მოკლევადიან პერიოდში, ქართულ საავტომობილო ბიზნესში მანქანების გაიაფების მოლოდინია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ქვეყანაში ავტომობილების განბაჟების ახალი ტარიფების ამოქმედებამდე, ანუ თებერვალი - მარტის თვეებში, როგორც ავტომფლობელებმა, ისე ავტოდილერებმა დიდი რაოდენობით მანქანები შეიძინეს, რომლებიც ახლა გზაშია.
უმეტესად, საუბარია არა ახალ, არამედ 2020 წლამდე ასაკის მანქანებზე.
„ძალიან რთულია ზუსტი რაოდენობის თქმა, თუმცა, ჩემი ვარაუდით, საქართველოსკენ 35 ათასიდან - 40 ათასამდე მანქანა მოემართება. მათი საქართველოში ჩამოსვლის პერიოდში, ბაზარი ჭარბი მიწოდების წინაშე დადგება, რაც ფასებზე ზეწოლას გამოიწვევს. სავარაუდოდ, მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში, ბაზარი მანქანებით გაჯერდება, რაც მოკლევადიან პერიოდში, ფასების დაწევას განაპირობებს“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დაბალანსდება, ავტოიმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანები საქართველოში ისევ გაძვირდება.
რაც შეეხება ზოგადად, უცხოურ აუქციონებზე არსებულ ტარიფებს, დილერები ამბობენ, რომ მაგალითად, ამერიკის ავტო აუქციონებზე, დღეისათვის, მანქანებზე ფასები შემცირებულია. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომია.
კერძოდ, ავტოიმპორტიორი კომპანიების ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, რომელიც აუქციონებზე მანქანებს ყიდულობდა. ამჟამად კი, ომის გამო, საამიროების პორტები გემებს ვერ იღებს, მათი მხრიდან შესყიდვები განულებულია, ამან გამოიწვია კონკურენციის კლება აშშ-ის ავტო აუქციონებზე, რამაც ფასებზე დადებითად იმოქმედა.