გარკვეული პირობები შემოდის, რომ თუ კომპანია 20%-ზე მეტ ფასკლებას განახორციელებს, ის აღარ მიიღებს ავანსს, მისი ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია ორჯერ გაიზრდება, შესაბამისად გამოვრიცხოთ ე.წ. პირამიდის პრინციპით ტენდერში შემოსვლა, აღარ მოხდება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებები ინდექსაციის საკითხსაც შეეხება და ეს მხოლოდ ზრდის ტენდენციისკენ მიმართული არ იქნება.
"ხარჯები გაიზრდება ადეკვატურად - მაგალითად, თუ საწვავზე ფასი მოიმატებს და რომელიღაც პროექტში საწვავის წილი არის გარკვეული რაოდენობა, რა თქმა უნდა, ამ ინდექსაციის შედეგად ხარჯი ამ მიმართულებით გაიზრდება. თუმცა ინდექსაცია არ არის მხოლოდ ზრდის ტენდენციისკენ მიმართული. ეს მათ შორის შეეხება იმას თუ ფასის კლება მოხდება. პირობითად, შეიძლება დღეს რკინის ფასმა მოიმატოს საგრძნობლად და შემდეგ დაიკლოს. სახელმწიფო საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას", - აცხადებს რევაზ სოხაძე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.