მსოფლიოში ოქროს ახალი საბადოების აღმოჩენა გართულებულია, თუმცა წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ძვირფასი მეტალის გლობალური წარმოება მაინც გაიზარდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, წლევანდელი წელი, ოქროს გლობალური წარმოებისთვის, ზრდის მაჩვენებლებით დაიწყო.
„2026 წლის იანვარ-მარტის თვეებში, ძვირფასი მეტალის მსოფლიო წარმოება 2%-ით გაიზარდა. წლის ბოლოსთვის კი, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, ზრდის ტემპი 8-დან 10%-ის ფარგლებში დაჩქარდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ოქროს ამჟამინდელი ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, მწარმოებელი ქვეყნების ინტერესშია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ოქრო მოიპოვონ და ბაზარს მიაწოდონ. მით უფრო, რომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების გამო, ოქროზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება როგორც ცენტრალური ბანკების, ისე ინვესტორებისა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.
თუმცა, მისივე განმარტებით, ოქრო არის ის რესურსი, რომელიც ბუნებაში არ აღდგება და ამოწურვადია, ამიტომ წლიდან წლამდე, მთელ მსოფლიოში სულ უფრო რთულდება ახალი საბადოების აღმოჩენა.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, ამჟამად, ოქროს ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთია, რომელზედაც გლობალური წარმოების 12% მოდის, მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერების ხუთეულში არიან - ავსტრალია, რუსეთი, კანადა და აშშ-ც. სხვათა შორის, ოქროს წარმოებაში ახალი ბაზრებიც გააქტიურდნენ, კერძოდ აფრიკული ქვეყნები - განა და მალი.
ჯამში, წელს ოქროს გლობალური წარმოება, სავარაუდოდ, 3700 -3750 ტონა იქნება.