ვმუშაობთ, რომ ჩვენი ნაკეთობები ექსპორტზე საფრანგეთში გავიტანოთ, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საიუველირო კომპანიას მიმდინარე წლის დასაწყისში გამოფენა ჰქონდა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც „ზარფხანას“ ნაკეთობებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ბევრმა შემსყიდველმა გამოხატა ინტერესი ჩვენი ნაწარმის მიმართ და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მათთან, რომ „ზარაფხანას“ სამკაულის ექსპორტირება შევძლოთ“, - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.
როგორც „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, საიუველირო კომპანია პარიზში გამოფენის გამართვას ივლისის თვეშიც გეგმავს. „უკვე ვემზადებით ამისთვის და გვაქვს მოლოდინი, რომ დამატებით უფრო მეტ ადამიანს დავაინტერესებთ“, - განაცხადა სამხარაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ზარაფხანას“ წლევანდელი წლის გეგმებში საფრანგეთის დედაქალაქში მაღაზიის გახსნაც შედიოდა, თუმცა მთელ მსოფლიოში განვითარებული გეოპოლიტიკური მოვლენებიდან, კერძოდ სამხედრო და ეკონომიკური კონფლიქტებიდან გამომდინარე, ეს გეგმა დროებით გადავადდა.
შეგახსენებთ, გასულ წლებში, „ზარაფხანა“ საკუთარი საიუველირო ნაწარმის ექსპორტს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ახორციელებდა, მათ შორის - ყველაზე დიდი რაოდენობით სამკაულს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ყიდდა. ამჟამად, კომპანიას სამკაულების ექსპორტი დროებით შეჩერებული აქვს.