logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

როლანდ ბურდიაშვილი: ინდუსტრიული ვენახების გაშენებაზე რეგულაციას მივესალმები, თუმცა,ეს გათვლილი დიდ წარმოებაზე უნდა იყოს

„ვფიქრობ, რომ რადგან საუბარია ინდუსტრიული ვენახების გაშენებაზე, რეგულაცია არ უნდა ეხებოდეს ყველას - მაგ. იმ გლეხს, რომელსაც განსაზღვრული აქვს, რომ გააშენოს ნახევარი ან ერთი ჰექტარი ვენახი“, - ამის შესახებ „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა როლანდ ბურდიაშვილმა „ღამის ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი რეგულაცია უნდა იყოს გათვლილი დიდ წარმოებაზე. თუმცა, მთლიანობაში „შუხმან ვაინსის“ დირექტორი ახალ რეგულაციას დადებითად აფასებს.

„ჩემთვის ეს რეგულაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, მივესალმები ვინაიდან ეს არის თანამედროვე მევენახეობა - მეღვინეობისთვის განვითარებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. თუმცა, არის რაღაც საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელია, თუნდაც იმ რეგლამენტში, რაც გაწერილია. მაგ ვფიქრობ, რომ რადგან საუბარია ინდუსტრიული ვენახების გაშენებაზე, რეგულაცია არ უნდა ეხებოდეს ყველას - მაგ. იმ გლეხს, რომელსაც განსაზღვრული აქვს, რომ გააშენოს ნახევარი ან ერთი ჰექტარი ვენახი. უფრო უნდა იყოს გათვლილი დიდ წარმოებაზე, ვინც აშენებს 2 ან მეტ - 10-20 ჰექტარ ვენახს. მიკვირს რომ დიდი კომპანიები ამას აკრიტიკებენ, ვინაიდან ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს ისედაც. ჩვენი კომპანიის ინტერესში არის ისედაც, რომ გვქონდეს ნამდვილად ხარისხიანი საძირე აღებული, ხარისხიანი ნერგი, ნიადაგის გამოკვლევას მგონი ყველა კომპანია აკეთებს ვინც ხარისხზე მუშაობს და ხარისხიანი ყურძნის მოყვანა უნდა“, - განაცხადა როლანდ ბურდიაშვილმა.

ცნობისთვის, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების მიხედვით, 1 მაისის შემდგომ პერიოდში კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

ცვლილებები წარმოადგენს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმის ნაწილს და მიზნად ისახავს ვენახების გაშენების პროცესის რეგულირებას. ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.

გამოგვყევით