რაც შეეხება "შავ სიებს" - აქ მიღებულია გადაწყვეტილებები, რომ არ მოხდეს მხოლოდ სახელის ცვლილებით ერთი და იგივე დამფუძნებლების მიერ სხვადასხვა კომპანიის ჩამოყალიბება , - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "შავი სიის" მექანიზმი ფართოვდება და შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომები მკაცრდება.
"რაც შეეხება გაჭიანურებულ პროექტებს - რა თქმა უნდა გვაქვს გაჭიანურებული პროექტები, ჩვენ კრიზისულ პირობებში ვმართავთ ამ პროექტებს - ზოგი დასრულდება, ზოგთან ალბათ ხელშეკრულებების გაწყვეტა მოგვიწევს.
ის კონკრეტული პიროვნებები თუ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს სახელმწიფოს წინაშე - მათ ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ", - აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა.