logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ფეროშენადნობების ფასები 100-150 დოლარით გაიზარდა - ასოციაცია

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ფეროშენადნობების  ექსპორტი თითქმის 92%-ით გაიზარდა. ქვეყნიდან 94 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა. მართალია, გასულ წელთან შედარებით მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, თუმცა სექტორში ამბობენ,  რომ ინდუსტრია კვლავ რთულ ვითარებაშია.

როგორც ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა “ბიზნესპარტნიორთან”  საუბრისას განმარტა, წლიურ ჭრილში ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნდება, მაგრამ სანამ რეგიონში საომარი მოქმედებები არ დასრულდება, მეტალზე და შესაბამისად ფერო სილიკონ მანგანუმზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არ არის.

“ჩვენ ველოდით, რომ უკრაინაში მოვლენები დადებითად წარიმართებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ამას დაემატა ირანში განვითარებული პროცესებიც რაც ასევე ნეგატიურად აისახა დარგზე. აქედან გამომდინარე, მეტალზე მოთხოვნა კვლავ დაბალია. შესაბამისად, დაბალია მოთხოვნა ფეროშენადნობებზეც”,-აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, როგორც  ფეროშენადნობების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, გასულ წელთან შედარებით, ფერო სილიკონ მანგანუმის ღირებულება გლობალურ ბაზრებზე 100-150 დოლარით არის  მომატებული.

“საბედნიეროდ,  ცოტაოდენი ფასების მატება არის ბაზარზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია, მაგრამ ეს ის არ არის რაც დარგს სჭირდება. ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ, ყველა კომპანიამ განახლოს წარმოება",-აცხადებს კევლიშვილი. 

მისივე თქმით,  ფეროშენადნობების წარმოებაზე ნეგატიურად აისახა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფებიც. ეს განსაკუთრებით იმ კომპანიებს შეეხო, რომლებიც ელექტროენერგიის პირდაპირი შემსყიდველები არ არიან და “ენერგო პრო ჯორჯიას” მომხმარებლებად ფიქსირდებიან.

“ფეროშენადნობების წარმოებაში ელექტროენერგიის ხარჯი დაახლოებით 30%-ია. “ენერგო პროს” აბონენტი კომპანიებისთვის საკმაოდ გაძვირდა თვითღირებულება. შესაბამისად, და თუ გლობალურ ბაზრებზე ფერო სილიკონ მანგანუმზე ფასები გაიზარდა, ეს დიდი შვება არაა კომპანიებისთვის, რადგან პარალელურად, ელექტროენერგიის გაძვირების გამო, მათ წარმოების ხარჯები მოემატათ. თუმცა, არსებობენ კომპანიები რომლებიც ელექტროენერგიის პირდაპირი მოხმარებლები არიან და მათთვის ამ გაძვირებას გავლენა არ მოუხდენია",-აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

ბაზარზე ამ ეტაპზე მხოლოდ 4 ფეროშენადნობების მწარმოებელი კომპანია ოპერირებს. სექტორში მოლოდინია, რომ ზაფხულის პერიოდში დამატებით, ოთხი საწარმო განაახლებს ოპერირებას.

გამოგვყევით