logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

„აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ამანათების გამოწერა გაძვირდა" - Inex Group

გაძვირებულმა საავიაციო საწვავმა ამანათების ტრანსპორტირების ფასები გაზარდა.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“  Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ  განუცხადა, ქართველ მომხმარებელს ამანათების გამოწერა უფრო მეტად აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან გაუძვირდა.

„გადაზიდვების ხარჯები არის ერთ-ერთი ძირითადი ხარჯი საფოსტო და საკურიერო ბიზნესისთვის. შესაბამისად, ტრანსპორტირების ტარიფებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ამ სფეროზე გავლენას ახდენს. როგორც ვიცით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გაძვირებულმა საავიაციო საწვავმა ავიაკომპანიები აიძულა, ე.წ დამატებითი საწვავის გადასახადი დაეწესებინათ, რამაც ცხადია როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვები გააძვირა. შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საგრძნობლად გაიზარდა საჰაერო გზით ამანათების ტრანსპორტირების ხარჯები“, - განმარტა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, გლობალურად გაზრდილმა სატრანსპორტო ხარჯებმა საქართველოში მოქმედ საფოსტო და საკურიერო კომპანიებზეც იქონია ნეგატიური გავლენა. მათ, რიგი მიმართულებებით, მოუწიათ ტარიფების გადახედვა და გაზრდა.

ძველი ტარიფებით ოპერირება უკვე ძალიან რთული იყო. ჩვენ მოგვიწია ფასების მომატება აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ესპანეთიდან გზავნილებზე. მაგალითად, ესპანეთის მიმართულებაზე 1 კილოგრამზე ფასმა 70 ცენტით მოიმატა, დიდი ბრიტანეთიდან - 1 ცენტით, ხოლო აშშ-დან - 1.2 დოლარით“, - აღნიშნა Inex Group-ის დირექტორმა.

მან საქართველოში საფოსტო და საკურიერო ბიზნესის განვითარების დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, მომხმარებლის ქცევა არ შეცვლილა და საქართველოში ჩამოსული ამანათების რაოდენობა კვლავ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

მომხმარებლები იწერენ აბსოლუტურად ყველაფერს - პირადი მოხმარების ნივთებით დაწყებული, ავტო ნაწილებით დამთავრებული“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპარტნიორისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 30 აპრილის მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში უკვე 800 ათასი ამანათით მეტია შემოსული, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში იყო. მთლიანობაში, 2025 წელს საქართველოში 20 მილიონზე მეტი ამანათი შემოვიდა, რაც 33%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემს.

გამოგვყევით