ფეროშენადნობების მწარმოებელი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმო "რუსელოისი," შესაძლოა, აღარ გაკოტრდეს. კომპანიამ რეაბილიტაციის გეგმაზე დაიწყო მუშაობა და სასამართლოს სავარაუდოდ, ერთ თვეში წარუდგენს.
როგორც კომპანიის დირექტორმა, ნუგზარ კევლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე კრედიტორებთან იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები . კომპანიაში იმედოვნებენ, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.
"იმედი გვაქვს, რომ გაკოტრებამდე არ მივა საქმე და მოხდება საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიის რეაბილიტაცია. თუ რეაბილიტაციის გეგმა რეალურია და ის დადებითად იმოქმედებს კომპანიის განვითარებაზე და კრედიტორების დაკმაყოფილებაზეც, სასამართლოს მხრიდან რაიმე სახის დაბრკოლების შესახებ არ გამიგია. იმედია, ჩვენ შემთხვევაშიც ასე იქნება,"-აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსელოისის" გაკოტრების რეჟიმი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, მიმდინარე წლის დასაწყისში გახსნა. "რუსელოისი" თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების სფეროში ოპერირებს.