სამშენებლო კომპანია „დიკა 2010“-ის დირექტორი ნათია ხვედელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ცვლილებები სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი და „რევოლუციურიც“ კი არის, თუმცა მხოლოდ ტენდერების ღირებულების გაზრდა არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი არ იქნება.
მისი თქმით, სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებაა, რაც წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა.
ხვედელიძე აღნიშნავს, რომ დღეს სამშენებლო სექტორი მძიმე მდგომარეობაშია — არსებობს შეჩერებული პროექტები, ბიუროკრატიული შეფერხებები და კომპანიებისთვის გადასახდელი თანხების დაგვიანება.
"არავინ გვეუბნება იმას, რომ ყველაფერი კარგად არის და ამ ცვლილებების შემდეგ ჩვენი სექტორი ია-ვარდით იქნება მოფენილი", - განაცხადა ნათია ხვედელიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისივე შეფასებით, თუ სექტორში არსებული სისტემური პრობლემები არ მოგვარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში დასრულება ისევ პრობლემად დარჩება.
"თუ გამოწვევები არ იქნება დაძლეული, არანაირი ვადაში შესრულებული სამუშაო ჩვენ არ გვექნება. შეიძლება ხარისხით იყოს შესრულებული გარკვეული კომპანიების მიერ, მაგრამ აქ ვადებზე საუბარი ზედმეტია", - აცხადებს ნათია ხვედელიძე.
ხვედელიძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ტენდერებში განსაზღვრულ ვადებზე და ამბობს, რომ ხშირად პროექტების მოცულობა და შესრულების ვადა ერთმანეთთან შეუსაბამოა.
"დღეს სექტორი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ახალი ტენდერების ფარგლებში განსაზღვრული ვადების შესრულებისთვის პრაქტიკულად მზად არ არის. შეუძლებელია 3-მილიონიანი და 17-მილიონიანი პროექტებისთვის ერთნაირი ვადების განსაზღვრა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სადაც თითოეულ ეტაპს თავისი ციკლი აქვს — ფუნდამენტის, კედლების, სახურავის გამაგრება და სხვა სამუშაოები ერთმანეთზეა დამოკიდებული.
კორპუსის მშენებლობა და სკოლის რეაბილიტაცია სრულიად განსხვავებული პროცესებია. კორპუსის შემთხვევაში სამუშაო ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, რადგან სტანდარტული კონსტრუქციაა, მაშინ როცა სკოლების რეაბილიტაცია გაცილებით რთულ და ეტაპობრივ პროცესს მოითხოვს.
ჩვენ მსგავს ტენდერებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუნდაც ფასი მაღალი იყოს, თუ ვადები არარეალისტურია. ასეთ პირობებზე ან ფინანსური გაჭირვების გამო შედიან კომპანიები, ან მაშინ, როცა სათანადოდ ვერ აფასებენ პროექტის სირთულეს. სწორედ ამიტომ, მსგავსი საკითხები სექტორსა და სამინისტროს შორის მუდმივი განხილვის საგანი უნდა იყოს", - აღნიშნა ნათია ხვედელიძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებისა და სამშენებლო რეგულაციების რეფორმას ამზადებს, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების პროცესის გაუმჯობესებას, ტენდერების ფინანსური მდგრადობის ზრდასა და სექტორში კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას ითვალისწინებს.