logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აქტიურად მიმდინარეობს საწარმოს გადაიარაღება, ₾300 000-ზე მეტის ინვესტიციას ვახორციელებთ" - "ზარაფხანა"

ქართული საიუველირო ბიზნესი განვითარებას განაგრძობს. „ზარაფხანა“ საკუთარი წარმოების გაფართოების მიზნით, 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების პროექტს ახორციელებს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს საწარმოს გადაიარაღების პროცესი.

„ახალი დანადგარების ნაწილი უკვე ჩამოვიტანეთ და დამონტაჟდა, ნაწილი - გზაშია, ნაწილზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მომწოდებლებთან. საკმაოდ მასშტაბური პროექტია და ვვარაუდობთ, რომ საწარმოს სრულად გადაიარაღების პროცესი 2027 წლის ივნისში დასრულდება“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

მისივე ინფორმაციით, არსებული საწარმოს გადაიარაღების შედეგად, დაჩქარდება საწარმოო  პროცესი. გარდა ამისა, საწარმოს დაემატება ახალი ხაზიც, რომელიც „ზარაფხანას“ განსხვავებული ნაკეთობების დამზადების შესაძლებლობას მისცემს.

„ვაგრძელებთ ახალ ნაკეთობებზე მუშაობას. მიმდინარე წლის ზაფხულში, „ზარაფხანამ“ ნონა გაფრინდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი ჭადრაკი შექმნა, რომელიც ჩვენი სუვენირების ხაზის უკვე ერთ-ერთი გამორჩეული ნაკეთობაა. ქალბატონი ნონას სურვილი იყო, რომ ეს არ ყოფილიყო მხოლოდ სუვენირი და მისით თამაშიც შესაძლებელი ყოფილიყო, შესაბამისად, მისი ეს სურვილი გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა „ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, კომპანია საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული საიუველირო ნაწარმის გაცნობასაც განაგრძობს და ამ მიზნით, 2027 წლის იანვარში, ბელგიაში BRAFA-ს უმსხვილეს ფესტივალზე წარდგება, სადაც „ზარაფხანას“ ის კოლექციები გამოიფინება, რომლებიც საქართველოს ისტორიასა და საოქრომჭედლო კულტურას ასახავს.

ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 6 ფილიალს ფლობს, აქედან 5  მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.

გამოგვყევით