logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

1788949014

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის დარჩენილი სამუშაოების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია, ჯამში, 55 ობიექტის რეაბილიტაცია, თეატრის პირველი სართულისა და ფასადის რეაბილიტაცია, 3.4 ჰექტარი პარკის კეთილმოწყობა და ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის განახლება.

დარჩენილი სამუშაოები ასევე მოიცავს ცენტრალური გზისა და თეატრის მცირე მოედნის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის, წყლის ქსელების, ტროტუარებისა და გზის საფარის მოწყობას.

რეაბილიტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ველისციხის ისტორიული განაშენიანებისთვის დამახასიათებელი ავთენტური არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტების მაქსიმალურად შენარჩუნებას. სამუშაოები შესაბამისი გარემოსდაცვითი, სოციალური და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით შესრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ველისციხის რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კონტრაქტორი კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ფონდმა მათთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესი აზიის განვითარების ბანკის წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა. პროცესის ყველა ეტაპი დონორ ორგანიზაციასთან მჭიდრო კოორდინაციითა და მისი უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

ამავდროულად, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „ეპტისამ“ (EPTISA) ობიექტზე შესრულებული სამუშაოების დეტალური აღწერა და ინვენტარიზაცია განახორციელა. აღნიშნული პროცესის შედეგად განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ზუსტი მოცულობა და მომზადდა დარჩენილი სამუშაოების ნუსხა, რაც ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების საფუძველი გახდა.

გარდა ამისა, ფონდს გამოცხადებული აქვს ველისციხის განახლების მეორე ეტაპის ტენდერიც, რომელიც ცენტრალური ნაწილის ინფრასტრუქტურისა და შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩებისა და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გზის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ტროტუარების განახლება, მიერთების კვანძების მოწყობა და თანამედროვე გარე განათების სისტემების განთავსება.

გამოგვყევით