logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გლობალური მედიაგიგანტი Vogue ქართული ბრენდი BlueTabla-თი დაინტერესდა

ქართული ბრენდი BlueTabla აქტიურ განვითარებასა და გაფართოებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე განაგრძობს. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, ნინო ტყემალაძის ინფორმაციით, ბრენდის მიმართ ინტერესი გლობალურმა მედიაგიგანტმა Vogue-ის ბრიტანულმა გამოცემამ გამოხატა. 

როგორც ნინო ტყემალაძემ გადაცემა "ახალი დღის"  "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკაში აღნიშნა, BlueTabla-ს ხსენება ასეთ გავლენიან გამოცემაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია არა მხოლოდ უშუალოდ ბრენდისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, Vogue ქართული კულტურული მოტივებით დაინტერესდა.

"ჩვენი ბრენდი აქტიურად ვითარდება და ფართოვდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. ასორტიმენტის დიდი სპექტრი გვაქვს და ყველა სეზონს მოვიცავთ. ამჟამად, ჩვენი კომპანიით Vogue დაინტერესდა. BlueTabla-ს ხსენება Vogue-ში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც ჩანს, ქართული კულტურული მოტივები და ჩვენი ხედვა საინტერესოა, როგორც მაღალი გემოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის, ასევე მზარდი უცხოური ბაზრისთვის. წინ დიდი პერსპექტივები გვაქვს - დიდი ბრიტანეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვისახავთ გეგმებს, დადგება დღე როდესაც BlueTabla ლონდონში წარმოდგენილი ფიზიკური მაღაზიითაც იქნება", -აღნიშნავს ნინო ტყემალაძე.

ცნობისთვის, Bluetabla ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.geრომლის მეშვეობით პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ Vogue (ვოგი) მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოდის, დიზაინისა და ცხოვრების სტილის (lifestyle) ყოველთვიური ჟურნალია, რომელსაც ხშირად "მოდის ბიბლიას" (The Fashion Bible) უწოდებენ. მისი ხსენება ნებისმიერი ბრენდისთვის უმაღლესი დონის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.

გამოგვყევით