logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

წვენების კომპანია "აჩინებული" ვაშლის ძმრის წარმოებას იწყებს

წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებული" ვაშლის ძმრის წარმოებას იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, ვაშლის ძმარი წვენების მსგავსად, ბაზარზე "ალალის" ბრენდის სახელით გამოჩნდება.

მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტის შეძენა მომხმარებლებს სექტემბრიდან შეეძლებათ.

"უკვე მზად გვაქვს პროდუქცია და მიმდინარეობს საბოლოო ფორმის მიცემა. ვაშლის ძმარი როგორც ადგილობრივ ისე, საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ვაშლით წარმოებული ძმარი, რომელსაც შემადგენლობაში არანაირი კონცენტრატი არ ექნება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სხვა წვენებთან ერთად ვაშლის წვენსაც ვამზადებთ და ძმარი სწორედ, ამ წვენისგან იქნება დამზადებული", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია მომავალში ვაშლის ძმართან ერთად, სხვა ხილის ძმრის დამზადებასაც გეგმავს. 

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

გამოგვყევით