logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ენერგეტიკაში, ქარის ენერგიის კუთხით,მთავარი გამოწვევა გენერატორების დეფიციტი და ქსელთან მიერთებაა" - მამუკა მიქაშავიძე

საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტის, მამუკა მიქაშავიძის ინფორმაციით, სექტორის მთავარი გამოწვევა გენერატორების დეფიციტი და ქსელთან მიერთების საკითხია, პრობლემის მოგვარება კი საქართველოში ინდუსტრიალიზაციის დაწყებითაა შესაძლებელი.

როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, ჰესების მშენებლობისგან განსხვავებით, ქარის ტურბინების მონტაჟი გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს ენერგოეფექტურობის პრობლემას ოპერატიულად გადაუჭრის.

"ჩვენ გვესმის, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 4-5 წლის განმავლობაში გრძელდება, არადა შეიძლება ქარის ენერგიის ინსტალაცია 1 კვირაში გაკეთდეს, შესაბამისად, სახელმწიფომ ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მარაგი მიიღოს. ქარის ენერგიის განვითარებას აქამდე ხელს უშლიდა თავად გენერატორების დეფიციტი, ანუ შეზღუდული წვდომა იმ ქარხნებზე, რომლებსაც შესაბამისი მოწყობილობების მიწოდება შეეძლოთ და მეორე – ქსელში შეერთების საკითხი. ქვეყანა აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ დამატებით ენერგიას ძალიან სწრაფად მიიღებს", -  აცხადებს მამუკა მიქაშავიძე.

ასოციაციის პრეზიდენტი სექტორში არსებული ბარიერების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია, საქართველომ საჭირო ნაწილების გამოშვება დამოუკიდებლად დაიწყოს, რაც დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

"საქართველოში ქარის ენერგეტიკის მიმართულებით ინდუსტრიული განვითარება უნდა დაიწყოს. კერძოდ, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს იმ კომპონენტების ადგილობრივ წარმოებას, რომლებიც ქვეყნის ენერგოსექტორში ინვესტირებით დაინტერესებული კომპანიებისთვის აუცილებელია", - აღნიშნავს მამუკა მიქაშავიძე.

გამოგვყევით