logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

IBRD-მა საქართველოს $372 მლნ-ს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო

IBRD-მა საქართველოს $372 მლნ-ს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო

1780477560

სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად (საქართველოს რკინიგზისთვის ელექტროსარკინიგზო ლოკომოტივების შეძენა და ელექტროქვესადგურების მშენებლობა) და საავტომობილო გზის მონაკვეთების (ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხე და გურჯაანი-თელავი) მშენებლობისთვის, მსოფლიო ბანკის ჯგუფი საქართველოს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების საბჭომ ბორდზე დაამტკიცა სესხი - „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის“.

პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 372 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი.

პროექტი ითვალისწინებს სარკინიგზო გამტარუნარიანობის გასაზრდელად საქართველოს რკინიგზისთვის ელექტრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, ელექტრო ქვესადგურების მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას; და საავტომობილო გზის მონაკვეთების – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე და ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და საავტომობილო გზის მონაკვეთის – გურჯაანიდან თელავამდე მშენებლობას. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, სატრანსპორტო კვანძებს, ესტაკადებს, ხიდებს, ასევე საგზაო უსაფრთხოების ზომების მიღებასა და საგზაო სექტორის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტის ჯამური ღირებულებაა, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით.

რკინიგზისა და საავტომობილო გზების მიმართულებით განხორციელებული ეს ინვესტიციები შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროდუქტიულობის და მდგრადობის გაუმჯობესებას და საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას დერეფნის გასწვრივ ტვირთების უფრო სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფით. აღნიშნული ინვესტიციები მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებისა და უფრო დივერსიფიცირებული და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერისთვისაც.

შესაბამისად, პროექტს განახორციელებს სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გამოგვყევით