"გალერია თბილისის" ცნობით, სავაჭრო ცენტრში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. როგორც კომპანიაში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, მიმდინარე წელს ახალი ბრენდების დამატების შესაძლებლობაც განიხილება.
ვიზიტორთა ზრდას კომპანიაში როგორც ბრენდების მრავალფეროვნებით, ისე სავაჭრო ცენტრში განხორციელებული მარკეტინგული და გასართობი აქტივობებით ხსნიან.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში გალერია თბილისს 7-მდე ახალი ბრენდი შეემატა, რითაც მომხმარებლებისთვის შეთავაზება კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამასთან, დაიხურა ერთი მაღაზია - ობიექტების დახურვა კი უკავშირდება ბრენდის გლობალურ, ან ლოკალურ ბიზნესგადაწყვეტილებებს.
"გალერია თბილისის" მიმართ ბიზნესის მხრიდან ინტერესი მაღალია. კონკრეტულ კომერციულ მოლაპარაკებებზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ, თუმცა დაინტერესება აქტიურად ფიქსირდება. ამასთან, მიმდინარე წელს ახალი ბრენდების დამატებას განვიხილავთ. თუმცა საბოლოო შეთანხმებების გაფორმებამდე კონკრეტულ ბრენდებს ვერ დავასახელებთ", - აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, "გალერია თბილისის" ინფორმაციით, დღეს სავაჭრო ცენტრის ფუნქცია გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ შოპინგი, რადგან მომხმარებლები "გალერია თბილისში" მიდიან როგორც საყიდლებისთვის, ისე კვების, გართობის, შეხვედრებისა თუ თავისუფალი დროის გასატარებლად.
ცნობისთვის, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" თავისუფლების მოედანზე 2017 წელს გაიხსნა. სავაჭრო ცენტრში განთავსებულია მრავალი ცნობილი ბრენდისა თუ ადგილობრივი, ქართველი დიზაინერების პროდუქცია. აღნიშნულის გარდა, "გალერია თბილისში" მოქცეულია თავისუფალი თეატრი, გრიბოედოვის თეატრი, კინოთეატრი კავეა და ბოულინგის დარბაზი, საბავშვო გასართობი ცენტრი, კაფეები, რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.