2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა.
"საქსტატის" ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
"2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანა5ლოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1% 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 16.3% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა ₾300.7 მლნ-ით, რაც 7.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.0%-ით და ₾177.0-ს გაუტოლდა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.