logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.0%-დან 7.5%-მდე გავზარდეთ" - Galt & Taggart

"პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.0%-დან 7.5%-მდე გავზარდეთ" - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვაშია ნათქვამი.

"საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 8.6%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 6.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. ივნისის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის და საფინანსო  საქმიანობის  დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში. პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, გავზარდეთ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, წინა 7.0%-დან (იხილეთ უახლესი 2026-27 წლების მაკრო პროგნოზები აქ)"- ნათქვამია ინფორმაციაში.

Galt & Taggart-ი სებ-ის მონეტარული პოლიტიკის საკითხსაც მიმოიხილავს. მათივე ცნობით, მკაცრი მონეტარული პოზიცია შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება.

"სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ხელახალი გამწვავების ფონზე ნავთობის ფასები კვლავ არასტაბილურია, თუმცა წინა ესკალაციის დროინდელ დონეზე დაბალი რჩება. ამავდროულად, ინფლაციის ის მაჩვენებლები, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოსაა. ხოლო ეკონომიკური ზრდის მთავარი წყარო მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორებია, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. სწორედ ამიტომ კომიტეტმა ამ ეტაპზე განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მიზანშეწონილად მიიჩნია. რეგულატორი მიანიშნებს, რომ მკაცრი მონეტარული პოზიცია შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება. თუ მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, სებ-ი მზადაა პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება", - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

გამოგვყევით