საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თრეველფაის" მიერ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
საქმე მომხმარებლების მიერ კომპანიისგან შეძენილ ტურისტულ პაკეტს შეეხებოდა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს იტალიის ქალაქ ბოლონიაში კანიე უესტის კონცერტზე დასწრება წარმოადგენდა. კონცერტის გაუქმების შემდეგ, ვინაიდან ტურისტულმა პაკეტმა თავდაპირველი მიზნობრივი დანიშნულება დაკარგა, მომხმარებლებმა ხელშეკრულებიდან გასვლა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება მოითხოვეს, თუმცა მოვაჭრემ მათ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლების მიერ შეძენილი იყო ტურისტული პაკეტი, რომლის შეთავაზების პირობებიდანაც იკვეთებოდა, რომ კონცერტზე დასწრება ტურისტული მომსახურების არსებით მიზანს წარმოადგენდა. შესაბამისად, ღონისძიების გაუქმებამ გამოიწვია მომხმარებელთა ინტერესის დაკარგვა ტურისტული პაკეტის მიმართ და მათ წარმოეშვათ ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს "თრეველფაის" დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება, დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. ამასთან, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.