ქართული საავტომობილო ბიზნესი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოებას განაგრძობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორი კომპანია Carmark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, მალე, ყაზახეთში Carmark-ის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება.
„რამდენიმე კვირაა, რაც ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გავაფორმეთ. სავარაუდოდ, ოქტომბრის თვეში, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩვენი მულტიბრენდული შოურუმი გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილების ფართო არჩევანი“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.
მისივე თქმით, ანალოგიური ტიპის შოურუმს Carmark-ი მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისშიც გახსნის. კერძოდ, ლისის ტბაზე.
„თბილისის შოურუმიც ასევე მულტიბრენდული იქნება და 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება, შესაბამისად, ძალიან ბევრ მანქანას დაიტევს“, - აღნიშნა Carmark-ის დირექტორმა.
ირაკლი კუხიანიძის თქმით, კომპანიის შოურუმებში მთავარი აქცენტი ახალ ელექტრო ავტომობილებზე გაკეთდება.