მესტიაში მდებარე სასტუმრო "ბანგურიანის" დირექტორის ლაშა ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილება სწორია და მესტიაში კრიპტომაინინგი ძირფესვიანად უნდა აღმოიფხვრას.
როგორც ლაშა ჯაფარიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, უკანონო საქმიანობა აღსაკვეთია, თუმცა მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან თავისუფალი უნდა დარჩეს, რადგან რეგიონი ამ ეტაპზე გაზიფიცირებული არ არის.
"რა თქმა უნდა, კრიპტომაინინგის პრობლემა არსებობს, რაც ელექტროხაზების მუდმივ გადატვირთვას იწვევს. პრობლემა უნდა აღმოიფხვრას, ხოლო ტურიზმს მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. აღნიშნული ქმედება უკანონოა და შესაბამისად, სახელმწიფოს გადაწყვეტილება ამ კონტექსტში გასაგებია, უბრალოდ, ტვირთი მოსახლეობას არ უნდა დააწვეს. ბევრი გაჭირვებული ადგილობრივია, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ელექტროენერგიას მოიხმარს. მოგეხსენებათ, რეგიონი მაგალითად, სვანეთი გაზიფიცირებული არ არის. უკანონო კრიპტომაინინგის შესწავლით, ცხადია, სახელმწიფო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ - საჭიროა ამ ყველაფერზე სისტემატური კონტროლი დაწესდეს", - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.
მისი განცხადებით, ასევე ყურადღება მისაქცევია ის, რომ სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზები და სადენები მოძველებულია, შესაბამისად, განახლებას საჭიროებს.
როგორც სექტორის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, აუცილებელია რეგიონში პრობლემური ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია და მონიტორინგი დაიწყოს.
"წვიმის დროს ელექტროენერგია ითიშება, რადგან არსებული ინფრასტრუქტურა დატვირთვას ვერ უძლებს. აღნიშნული პრობლემა სერიოზულ გამოწვევას უქმნის, როგორც მოსახლეობას, ასევე ბიზნესს. გარდა ამისა, სვანეთში გარკვეული სოფლები მიუწვდომელია, ხოლო დიდთოვლობის დროს გზების გაწმენდაც პრობლემას წარმოადგენს.
ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ ინფრასტრუქტურა ძველია. ჩემი აზრით, ასევე აუცილებელია სვანეთში გაზიფიცირების პროცესის დაწყება. მოგეხსენებათ, რეგიონში ზამთარი საკმაოდ რთულია და შეშის ღუმელების გამოყენება ყოველთვის მარტივი არ არის. გაზიფიცირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს, ასევე ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს", - აცხადებს ლაშა ჯაფარიძე.
ამასთან, იმავე თემაზე მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტომაინინგის წინააღმდეგ პრობლემებს აღმოფხვრის და ტურიზმს გაზრდის.
ცნობისთვის, მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.