საქართველოს მთავრობა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში.
"ამ პრობლემის გამო ელექტრო ხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის უკანონოდ მოხმარება კი, მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს. უარესდება მიწოდების საკითხი ქსელისა და გადამცემი ხაზების გადატვირთულობის გამო, რატომაც ავარიული შემთხვევები ხდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ნეგატიურად აისახება ტურიზმზეც.
კიდევ უფრო კონკრეტულად, როგორ გამოიხატება უკანონო მაინინგისა და ელექტრომოხმარების პრობლემა რიცხვებში: ელექტროენერგიის მოხმარებამ მესტიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს 133 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა მაშინ, როდესაც, მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, ყველა მონაცემის გათვალისწინებით, სხვა შემთხვევებში არ აღემატება 10 მილიონ კილოვატსაათს. შესაბამისად, ეს ნიშნავს ელექტროსისტემისა და მის ფინანსურ დაზიანებას მინიმუმ 20-25 მილიონი ლარით, რომელიც დამატებით ფინანსურ ტვირთად აწვება ელექტროენერგიის საფასურის გადამხდელ ყველა მოქალაქეს. ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დავაკონკრეტოთ, თითოეული აბონენტი ქვეყანაში, ყოველი გადახდის დროს, კონკრეტულად ამ პრობლემის გამო, დამატებით ლარნახევარს იხდის", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.
„აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამრიცხველიანების ერთადერთი მიზანია ელექტროენერგიის უკანონო და ფარული მოხმარების აღმოფხვრა. ელექტროენერგია სვანეთში კვლავ იქნება უფასო თითოეული აბონენტისათვის საჭირო მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში, ხოლო აღნიშნული რაოდენობის ზემოთ დაწესდება ლიმიტი და შესაბამისი ტარიფი. რაც შეეხება გამრიცხველიანებას, ის მოხდება არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ მსხვილი მასშტაბითაც თითოეულ სოფელზე თუ დასახლებულ პუნქტზე, რაც პრობლემის კონკრეტული მიმართულებით იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.
სამართალდამცველებს უკვე დაევალათ ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა და კონტროლი, ასევე ელექტროენერგიის დიდი ოდენობით უკანონო მოხმარების მაქსიმალური რესურსით გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ყველას მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ პროცესს. ნებისმიერ ხელშეშლას და სამართალდარღვევას მოყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.