logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"სახელმწიფოს გადაწყვეტილება სწორია, მესტიაში უკანონო მაინინგი უნდა აღმოიფხვრას" - Chalet Mestia

მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ის მფლობელის, ივერი ჭელიძის შეფასებით, მესტიაში უკანონო მაინინგისა და ჭარბი ელექტრომოხმარების პრობლემა რეალურად არსებობს. შესაბამისად, სწორია მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

როგორც ივერი ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მაინინგის პროცესში ჩართული პირები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ და შესაბამის გადასახადებს არ იხდიან.

მისივე თქმით, ელ.ენერგიის გადახდის საკითხი უნდა დარეგულირდეს, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ მესტიის გაზიფიცირება დაიწყოს.

"ამ მიმართულებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება სწორად შეფასდება, რადგან ელექტროენერგიის არარაციონალური მოხმარება სისტემაზე დამატებით წნეხს ქმნის. მაინინგის პროცესში ჩართული პირები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შესაბამის გადასახადებს არ იხდიან. 

როგორც ვიცი, მაგალითად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 17 მეგავატს აღწევს. ჩემი აზრით, ეს მაჩვენებელი 10 მეგავატს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა მაინინგის საქმიანობა ამ ბალანსს არღვევს. რეგიონში აქამდე შედარებით ჰუმანური მიდგომა არსებობდა - სვანეთი სასაზღვრო ზონაა, მოსახლეობის რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, ამიტომ ენერგორესურსების გამოყენების საკითხი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დარეგულირდეს", - აცხადებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი.

ამასთან, იმავე თემაზე  მესტიის მერმა, კახა ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტომაინინგის წინააღმდეგ პრობლემებს აღმოფხვრის და ტურიზმს გაზრდის.

ცნობისთვის, მთავრობა მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს. პრობლემის აღმოსაფხვრელად, დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში, რაც აქამდე სხვადასხვა წინააღმდეგობრივი გამო ვერ ხერხდებოდა.

გამოგვყევით