უცხოელი ტურისტების მხრიდან, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა რეგიონალურ მიმართულებებზე - განსაკუთრებით ყაზბეგის, კახეთისა და სვანეთის ტურებზე, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Boss Tour-ის მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულზე გავლენას სოციალური მედიაც ახდენს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტები საქართველოში კონკრეტული, ვირუსულად გავრცელებული ლოკაციების სანახავად ჩამოდიან.
"2026 წლის ტურისტული აქტიური სეზონი წინა წლებთან შედარებით ცოტა გვიან, თუმცა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, ეს ტემპი სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება. განსაკუთრებით გაზრდილია ინტერესი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საამიროები, საუდის არაბეთი, ინდოეთი და ჩინეთი. ტურისტები უფრო ხშირად ირჩევენ არა მხოლოდ სტანდარტულ ტურებს, არამედ ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებულ მოგზაურობასაც.
ზოგადად, სეზონის დასაწყისი საკმაოდ პოზიტიურია და ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან სერვისზე, პროფესიონალ გიდებსა და კარგად ორგანიზებულ ტურებზე" - აცხადებს მარიამ მაისურაძე.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს ტურიზმის სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტუმარმა მიიღოს არა მხოლოდ ინფორმაციული ტური, არამედ პროფესიონალურად დაგეგმილი და უსაფრთხო გამოცდილება, რომელიც სწორად წარმოაჩენს საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებსა და სტუმართმოყვარეობას.