საბაზისო პროდუქტებზე ფასების შედარება ერთ სივრცეში გახდება შესაძლებელი. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს "საოჯახო კალათის" პროგრამის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა "ელექტრონული კალათა", სადაც დაახლოებით 15-მდე ძირითადი სასურსათო პროდუქტი განთავსდება.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, პროგრამის მიზანი ბაზრის გაჯანსაღება და რიგ შემთხვევებში კონკურენციის ზრდის ხელშეწყობაა.
მისივე შეფასებით, სწორედ აღნიშნული სტრატეგიის ნაწილია ფასების პორტალის შექმნა, რომელიც ქსელების მიერ შეთავაზებულ საუკეთესო ფასებსა და აქციებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს.
"ჩვენ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ფასების პორტალის შექმნას იწყებს, სადაც დაახლოებით 15-მდე საბაზისო სასურსათო პროდუქტი განთავსდება, რომლებიც თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათში ძალიან მნიშვნელოვან როლს იკავებს. კერძოდ, პლატფორმაზე ქსელების მიხედვით იმ საუკეთესო შეთავაზებების განთავსება დაიწყება, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ექნებათ. რატომ დადგა ეს საკითხი - მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საპარლამენტო ფასების შემსწავლელი კომისია შეიქმნა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა, სადაც დეტალურად მოხდა FMCG ბაზრის ანალიზი და ფასწარმოქმნის სტრუქტურის შესწავლა. ამ პროცესის ფარგლებში დაიგეგმა მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ბაზრის გაჯანსაღება და, რიგ შემთხვევებში, კონკურენციის ზრდაც", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
უწყების წარმომადგენელი პორტალის ამოქმედების ვადაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სისტემა ფუნქციონირებას დაახლოებით ერთი თვის ვადაში დაიწყებს, რადგან გარკვეული ტექნიკური და საორგანიზაციო სამუშაოებია ჩასატარებელი.
"ქსელების მიერ აღნიშნული საუკეთესო შემოთავაზებები ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე უკვე არსებობს. როგორც გითხარით, პლატფორმაზე თავდაპირველად 15-მდე საბაზისო სასურსათო პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში აღნიშნული ბაზა გაფართოვდეს. ქსელები გარკვეული პერიოდულობით - შესაძლოა ყოველკვირეულად, ან სხვა ინტერვალებით პორტალზე შესაბამის ინფორმაციას ატვირთავენ. მოქალაქეებს, ვისაც სურთ გაიგონ, რომელ ქსელში და რომელ პროდუქტზეა საუკეთესო შეთავაზება, აღნიშნული პორტალი სწორედ ამის შესაძლებლობას მისცემს", - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ცნობისთვის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაანონსებული საინფორმაციო პლატფორმა ქვეყანაში მოქმედ ყველა იმ მსხვილ ქსელურ სუპერმარკეტს მოიცავს, რომლებიც "რითეილ ასოციაციის" წევრები არიან. პროგრამაში, რომელიც პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციებისა და საბერძნეთის ე.წ. საოჯახო კალათის მოდელის მიხედვით შეიქმნა, ძირითადად შემდეგი მსხვილი ბრენდები მონაწილეობენ როგორებიცაა: "ორი ნაბიჯი", "ნიკორა სუპერმარკეტი", "კარფური", "სპარი", "დეილი ჯგუფი", "გუდვილი" და "აგროჰაბი".