Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსის, ზუკა თავყელიშვილის შეფასებით, ელექტრონული კომერცია და ფიზიკური ვაჭრობა ერთმანეთთან ინტეგრირდა და ერთმანეთის შემავსებელი გახდა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ზუკა თავყელიშვილი აღნიშნავს, გავრცელებული მოსაზრება, რომ ელექტრონული კომერციის ზრდა ფიზიკური ვაჭრობის სრულ ჩანაცვლებას გამოიწვევს, რეალობას არ შეესაბამება.
"არსებობდა და დღესაც არსებობს მითი, რომ შეიძლება ელ.კომერციის ასეთმა ზრდამ ტრადიციული ვაჭრობა ჩაანაცვლოს და საერთოდ გააქროს საჭიროება, რომ ფიზიკურად ამდენი კომერციული სივრცე გვქონდეს. თუმცა ეს შიში დასავლეთის ქვეყნებშიც ჩვენზე უფრო ადრე არსებობდა, სადაც ბაზარი უფრო ადრე განვითარდა, მაგრამ ეს რეალობა არ არის", - აღნიშნავს ზუკა თავყელიშვილი.
Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი საქართველოს შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს შემთხვევაში ელექტრონული კომერციის წილი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ჯამურ საცალო ბრუნვაში ჯერ კიდევ მცირეა. მაგალითად, 2025 წლის მონაცემებით, მისი წილი დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს.
"რაც შეეხება საერთაშორისო ელექტრონულ კომერციას, ეს მიმართულება ფიზიკური ვაჭრობისთვის უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ტანსაცმელი და აქსესუარები, რადგან მომხმარებლები ხშირად პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნიდან იწერენ.
ამასთან, გამოვიკვლიეთ, რამდენი თანხა იხარჯება საქართველოდან უცხოეთში ფიზიკური ვაჭრობისას, ანუ მაშინ როდესაც მომხმარებლები სხვა ქვეყნებში არიან და პროდუქტს ადგილზე ყიდულობენ. აღმოჩნდა, რომ 2025 წელს ჯამურად ₾3.8 მლრდ დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ₾1.4 მლრდ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდიოდა. ამ თანხის დაახლოებით 50%-ი კი ე.წ. "ლუქს ბრენდებზე" მოდის", - აღნიშნავს ზუკა თავყელიშვილი.