ლავანდის ეთერზეთებისა და არომაპროდუქტების მწარმოებელი კომპანია “ტოტოს ლავანდები“ კულინარიული მიმართულებით ასორტიმენტს აფართოებს.
როგორც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, „ბიზნესპარტნიორის“ რუბრიკის ფარგლებში, „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის კუთვნილ მაღაზიაში უკვე ლავანდის მარილიც გაიყიდება.
„როგორც იცით, კულინარიული მიმართულებით, გვაქვს ლავანდის ჩაი, ასევე ლავანდის ირისები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი კომპანია აწარმოებს. ახლა კი, ვმუშაობთ ლავანდის მარილის გამოშვებაზე“, - აღნიშნა ნინო სანიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, 30 მაისიდან „ტოტოს ლავანდების“ მაღაზიაში უკვე იყიდება კიდევ ერთი ახალი პროდუქტი, კერძოდ - ლავანდის ნაყინი.
„ნაყინის წარმოებასთან დაკავშირებითაც, ვთანამშრომლობთ პარტნიორ კომპანიასთან, რომელიც ჩვენი ლავანდებით ამზადებს ნაყინს და ეს ნაყინი საგურამოში, ჩვენივე სივრცეში იყიდება“, - განმარტა „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, „ტოტოს ლავანდები“ ბაზარზე 2021 წლიდან საქმიანობს. კომპანია ლავანდების პლანტაციას საგურამოში ფლობს. აქვეა განთავსებული „ტოტოს ლავანდების“ მაღაზია - ბუტიკი და კაფეც. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ბოლო წლებში ბიზნესი გააფართოვა და დაინტერესებულ პირებს, წელს უკვე ღონისძიებების ორგანიზებისა და დეკორაციის სრული სერვისიც შესთავაზა.