logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნუტრიმაქსი" შინაური ცხოველების საკვებში ქართული გემოს შეტანას გეგმავს

შინაური ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია "ნუტრიმაქსი" ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს და ზაფხულში ქართულ ხასიათზე მორგებული გემოს შექმნას აპირებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჩიტალაშვილი გადაცემა "ახალი დღის"  "ბიზნესპარტნიორის" რუბრიკაში აღნიშნავს, კომპანია პროდუქციას რამდენიმე ქვეყანაში ყიდის და ასორტიმენტის გაფართოებაზეც მუშაობს.

"პროდუქტებს, სხვადასხვა, ქვეყნებში ვყიდით, ესენია: საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და მოლდოვა. ყოველწლიურად ვცდილობთ, ინდუსტრიის სუნთქვა გვესმოდეს. ასორტიმენტს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან მომხმარებლებს მშრალი, სველი კვება, ჩაშლილი გემოები სჭირდებათ. ამჟამად, ბაზარზე 6 ბრენდით ვართ წარმოდგენილი და 30-მდე საკვები გვაქვს. ასევე 15-მდე დამატებითი გემოს შექმნას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ქართული ხასიათის გემო გავაჩინოთ, ზაფხულში ნაბიჯებს ამ მიმართულებითაც გადავდგამთ", - აღნიშნავს გიორგი ჩიტალაშვილი.

"ნუტრიმაქსის" აღმასრულებელი დირექტორი ნედლეულის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია ნედლეულს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან მათ შორის ევროპიდან და ჩინეთიდან იძენს.

"კონკურენცია მაღალია საქართველოში იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტს ადგილზე ვაწარმოებდით ლიდერის პოზიცია სწრაფად მოვიპოვეთ. ექსპორტის წილი მთლიანი გაყიდვების 30%-ია. წარმადობას რაც შეეხება 25 000 ტონას შეადგენს, ხოლო თვეში დაახლოებით, 800 ტონამდე Pet food-ს ვაწარმოებთ", - აღნიშნავს გიორგი ჩიტალაშვილი.

"ნუტრიმაქსის" აღმასრულებელი დირექტორი სფეროში არსებული სტანდარტების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ მსოფლიოში Pet food ინდუსტრიის სტანდარტები საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე ვითარდება.

"დღეისთვის ქვეყანაში ბაზარი განვითარდა და მხოლოდ მშრალი საკვების მოცულობა დაახლოებით 1 800 ტონაა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-იანი ზრდაა. საქართველო მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს მისდევს. ამ კუთხით, მომხმარებლის ქცევაც იცვლება - ცხოველებზე ღირსეულად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრენდის ფილოსოფიაა, ადამიანებს შინაურ ცხოველებთან პასუხისმგებლობით სავსე მოპყრობა ვასწავლოთ.

მსოფლიოში Pet food ინდუსტრიის სტანდარტები საკმაოდ მაღალია და წლიდან წლამდე ვითარდება, ფაქტობრივად ადამიანთა კვების სტანდარტს უტოლდება. აქედან გამომდინარე წარმოებაც რთულია. კერძოდ, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ხარისხი გაზრდილია. ჩვენი კომპანია ხარისხს ძალიან დიდ მნიშვნელობას აქცევს, ფაქტობრივად ორმაგი დონე გვაქვს - წარმოებაში ხარისხის უზრუნველყოფა და შემდეგ უკვე გარე ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც წარმოებაში არსებულ პროცესებს ამოწმებს", - აცხადებს გიორგი ჩიტალაშვილი.

ცნობისთვის, კომპანია "ნუტრიმაქსი" ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. 

გამოგვყევით