2026 წლის აპრილში თბილისში 3 600-ზე მეტი ბინა გაიყიდა. "გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, დედაქალაქში გასულ თვეში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და წლიურად 64 %-ით გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.
მიმდინარე წლის 4 თვეში, თბილისში გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.3 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, აპრილში, უძრავი ქონების ფასის ზრდის ტემპი პირველად ბაზარზე შენელდა და თვიურად 0.4%-ით, 1 408 დოლარამდე გაიზარდა. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში კი ფასი გასულ თვესთან შედარებით 5 %-ით გაიზარდა.
"გალთ ენდ თაგარტის" ინფორმაციით, 2026 წლის აპრილში ნებართვა გაიცა 9 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 113,216 კვ.მ შეადგინა (-54.0% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია.
ჯამურად, 2026 წლის 4 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 40%-ით შემცირდა.