logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქვეყანაში ხილის ხარისხი უნდა გაკონტროლდეს" - "ალალი"

ქვეყანაში ხილის ხარისხთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული პრობლემა დადგა, - ამის შესახებ "ალალის", წვენების მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში უკვე დეფიციტურია ბროწეული, ალუბალი და ფორთოხალი. გოჩა ღვინეფაძის თქმით, თუ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ნედლეული იქნება კომპანია ექსპორტს მინიმუმ გაასამმაგებს.

"ქვეყანაში ხილის ხარისხი დაეცა. სიტკბო და შაქრიანობა არ არის საკმარისი. ხილი, სანამ სიმწიფის კონდიციაში შევა მანამდე კრეფენ და აგზავნიან ექსპორტზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია.

მაგალითად, ატამს ადრე 14-15% ჰქონდა შაქრიანობა, ახლა 7-8%-ზეა დაცემული, რაც კატასტროფაა. ასევეა, მაყვლის შემთხვევაში. აღნიშნული ვინმემ უნდა აკონტროლოს. მაგალითად, სახელმწიფო ხომ ჩაერია ყურძნის თემაში?! ჩვენ ღვინის ქარხანაც გვაქვს და შაქრიანობა ყურძენზე 16-17% და კარგი ღვინო, რომ დაამზადო მინიმუმ 22% უნდა ჰქონდეს. 

ერთი რაც არის - არის ვაშლი და ეგეც პრობლემაა, რადგან თუ ჯანმრთელი და საღი ნაყოფი არ არის და ძირს დაგდებულს ჩვენ ვერ ვიბარებთ, რადგან მას სტერილიზაცია და სხვანაირი დამუშავება სჭირდება", - აცხადებს გოჩა ღვინეფაძე.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. კომპანია „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. "აჩინებულის" საწარმო ამ ეტაპზე 10 სახეობის წვენს აწარმოებს და ნედლეულს თითქმის სრულად ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

გამოგვყევით