logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"Aqualia-ს საქართველოში შემოსვლიდან დღემდე GWP-მ ₾500 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა" - გიგა ნადირაძე

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) საოპერაციო დირექტორის, გიგა ნადირაძის ინფორმაციით, Aqualia-ს საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან დღემდე თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების განვითარებისთვის ₾500 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც სექტორის წარმომადგენელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული ინვესტიციები წყალმომარაგების სერვისის გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

"ინვესტიციები მოხმარდა  მაგისტრალური და მსხვილი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მერიებთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. შედეგად, მნიშვნელოვნად განახლდა სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და ა.შ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რუსთავის წყალმომარაგების სისტემა, სადაც გარკვეული ტიპის გამოწვევები გვქონდა.  გარკვეული საინვესტიციო პროექტებიც განვახორციელეთ, კერძოდ, მაგისტრალური მილსადენისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია სრულად ჩატარდა. ამ ყველაფერმა კი მომსახურების ხარისხზე დადებითად იმოქმედა", - აცხადებს გიგა ნადირაძე.

GWP-ის საოპერაციო დირექტორი სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი პრობლემური მიმართულება ძველი მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციაა.

"ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები არსებობს. საქმე ეხება მასშტაბურ წყალმომარაგების სისტემას, რომელიც დაახლოებით 1.5 მილიონ ადამიანს ემსახურება. სისტემაში შედის მაგისტრალური მილსადენები, გვირაბები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომელთა ნაწილი ათწლეულების წინ არის მოწყობილი და პერიოდულ რეაბილიტაციას საჭიროებს. განსაკუთრებული გამოწვევა სწორედ მაგისტრალური ქსელის განახლებაა. ამ მიმართულებით ყოველწლიურად, ეტაპობრივად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კონკრეტული გეგმა გვაქვს, ასევე იდენტიფიცირებულია ის მონაკვეთები, სადაც მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულია.

ამასთან, მნიშვნელოვანია ურბანული გამოწვევებიც. მოგეხსენებათ, თბილისის ცალკეულ უბნებში სწრაფი განაშენიანება მიმდინარეობს, ხოლო ათწლეულობით წინ მოწყობილი სისტემა მსგავსი მასშტაბის მოსახლეობის მომარაგებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, გაზრდილი დატვირთვა გარკვეულ სირთულეებს ქმნის", - აცხადებს გიგა ნადირაძე.

ცნობისთვის, ესპანური კომპანია Aqualia, რომელიც GWP-ის მფლობელია, საქართველოს ბაზარზე 2022 წლის თებერვალში შემოვიდა.

გამოგვყევით