2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7.0 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).